logo
ENG



ჩავლეიშვილი: მაინტერესებს სააკაშვილი დაეცა ქიქავას დონეზე, თუ ქიქავა ამაღლდა სააკაშვილამდე

25 იან 202118:51
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/25/hxxmwttdldqnseg.jpg

აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელსაც აქტივისტმა თავზე ნაგავი დააყარა, ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციაში მხოლოდ იმის იმედით შევიდა, რომ პარტიის რებრენდინგს ელოდა. 

როგორც ჩავლეიშვილმა ფორმულას გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, მას კონკრეტული პირების სჯეროდა, თუმცა ბევრმა ზეწოლას ვერ გაუძლო. 

ჩავლეიშვილი უშუალოდ იმ აქტივისტზეც აკეთებს კომენტარს, რომელმაც მას ნაგავი დააყარა და ამბობს, რომ ირაკლი ფანგანი მისთვის არაფერს წარმოადგენს და მას "ინსტრუმენტად" მოიხსენიებს. 

"მაინტერესებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაეცა ჯელალ ქიქავას დონეზე, თუ ჯელალ ქიქავა ამაღლდა მიხეილ სააკაშვილის დონემდე. ეს არის ჩემთვის კითხვა, თუმცა მე ამაზე პასუხი მაქვს. რაც შეეხება გია ბარამიძეს, ეს ის ბარამიძე არ არის, რომელიც სნგ-ში შესვლას უჭერდა მხარს?!

გვქონდა ორპოლუსიანი ხელშეკრულება აჭარაში - რესპუბლიკელების და ნაციონალური მოძრაობის კოალიცია იყო. მე რესპუბლიკურ პარტიას წარმოვადგენდი. რაც შეეხება კითხვას - იმიტომ შევედი, რომ მეგონა რებრენდინგი მოხდებოდა პარტიაში. გრიგოლ ვაშაძის მჯეროდა, რომან გოცირიძე თავის დროზე რესპუბლიკელი იყო, სამადაშვილს, მელიას მადლობა მინდა ვუთხრა. მეგონა რაღაც სიახლე მოხდებოდა ამ პარტიაში. ბევრმა ვერ გაუძლო ზეწოლას და ახლაც ხედავთ, რომ საკუთარი პარტიის წევრები ჰყავთ გამზადებული სანაგვისთვის", - განაცხადა ჩავლეიშვილმა

არასამთავრობო ორგანიზაციის "ალტერნატივა" წევრი ირაკლი ფანგანი სამართალდამცველებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრის ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის 24 იანვარს დააკავეს. დღეს ის გაათავისუფლეს, ხოლო ხვალ სასამართლო გირაოს ნაწილზე იმსჯელებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ჩავლეიშვილს ნაგავი ბათუმში "ალტერნატივას" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმში დააყარეს. მათ ამ ფორმით გააპროტესტეს ოპოზიციის სიით არჩეული დეპუტატის აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა.


close დახურვა